Monday, May 9, 2011

ხელნაწერი წიგნი

ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას 16-საუკუნოვანი ისტორია აქვსმისი წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს- სარწმუნოებრივსა და
პოლიტიკურ ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას.
ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების ფაქტში (326 .) უნდა ვეძებოთ. მას შემდგომ ქართულმა კულტურამ, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში ვითარდებოდა, უარი თქვა მისთვის უკვე კარგად ცნობილი ანბანური სისტემების გამოყენებაზე და თავად შექმნა საკუთარი ანბანური დამწერლობა. ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნული ანბანი ივარაუდება. პირველი წერილობითი ძეგლებიეპიგრაფიკული წარწერები თუ ხელნაწერი ფურცლები V-VI სს-ებით თარიღდება. ძველი წიგნების ეს ფრაგმენტები შენარჩუნებულია პალიმფსეტური ფურცლების ქვედა ფენაზე.
ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების მიზნით, მან იმთავითვე, ანუ V -დან, მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებისკენ და შემდგომაც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა თანადროულ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია-პალესტინას) და კონსტანტონეპოლთან მჭიდრო კულტურული კავშირების გზით. შესაბამისად, ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის იმგვარი ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი ტექსტები - ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ლათინური, სომხური თუ სლავური - დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა და ბიზანტიის წერილობითი კულტურების გამოცდილება, სრულად შეითვისა როგორც წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ასევე მისი მხატვრული გაფორმების და საწარმოო პროცესების შესახებ შუასაუკუნეებში არსებული ცოდნა.
საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ განაპირობა წიგნის გადაწერისა და შექმნის საქმეში მაღალი ფეოდალური წრის ფინანსური ჩართვა. წიგნი იქცა სახელმწიფოებრივი და კულტურული სტატუსის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რამაც ხელი შეუწყო ფორმითა და დანიშნულებით განსხვავებული ხელნაწერების არსებობას, კერძოდ, ყოველდღიური მოხმარების სამონასტრო წიგნების პარალელურად ჩამოყალიბდა მცირე ფორმის სადა საბერმონაზვნო, მდიდრულად შემკული, საგანგებოდ აკინძული "საზეიმო" და პირადი კუთვნილების წიგნები.
შუა საუკენეების ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, პოლიტიკური ცხოვრების შესაბამისად, ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აზროვნების შემეცნებისაკენ, არამედ მისთვის ცნობილი და უახლოესი მეზობელი (ისლამური სპარსულ-არაბული) წერილობითი კულტურების გაცნობისკენაც.
გვიან შუა საუკუნეებში ქართულმა სამწიგნობრო ტრადიციამ ყურადღება ევროპული ტენდენციებისა და გამოცდილებისაკენ მიმართა. ევროპულ კულტურასთან კავშირმა ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის გრავირებისა და ბეჭდვითი საქმის განვითარებას.
დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. იგი 50 წელზე მეტი ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევისა და დაცვა-აღრიცხვის საქმეს.

თანამედროვე წიგნი

თანამედროვე წიგნი წარმოადგენს ყუაში ჩამაგრებული ტექსტებისა და ილუსტრაციების შემცველი ფურცლების კოდექსბლოკს გარე დამცველი ელემენტებითურთ (ყდა, გარეკანი) და ნაბეჭდი გვერდების განსაზღვრული რაოდენობით - იუნესკოს რეკომენდაციების შესატყვისად - ნაბეჭდ თაბახზე მეტი ე.ი. არანაკლებ 48 გვერდისა.  
 

წიგნი

რაფიკ გაშიმოვი
თარგმანი რუსულიდან - ვაჟა ახალაძე

ალბათ გახსოვთ, საშუალო სკოლის ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ტექსტის ქვეშ რამდენიმე კითხვა იყო დასმული, რომლებიც იწყებოდა სიტყვით «რატომ». როდესაც დილაობით გაკვეთილზე მასწავლებელს ამ კითხვებზე ვპასუხობდით, გაუცნობიერებლად გვებადებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა _ «რად გავჩნდი ამ ქვეყანაზე?». დგება დრო, როდესაც საკუთარ თავს ამ კითხვას აღარ უსვამ, რადგან ის შენი ცხოვრების აზრად იქცევა. ამის შემდეგ როგორც არ უნდა ეცადო საკუთარ ცხოვრებასთან მიახლოებას, მაინც მარტო რჩები საკუთარ თავთან. და გიჩნდება სხვა, უფრო რთული კითხვა _ «ვინ ვარ მე?». ამ დროს პირისპირ აღმოჩნდები ცნობილ მოსაზრებასთან _ «ამ სოფლად არც კითხვა არსებობს, არც მასზე პასუხი. რაც არსებობს, ყველაფერი გამოცანაა, საიდუმლო». ამას ყველა თავისებურად განმარტავს. მავანთათვის ეს საიდუმლო ღმერთია, ზოგიერთებისთვის _ ბედისწერა, სხვებისთვის _ წიგნი.
დიდი გერმანელი «ტრამალის მგლის» ცხოვრების არსი იყო გამოთქმა «ნუ ხარ ბრბო, იყავ ადამიანი». მას ეკუთვნის სიტყვები: «ყველა თავისებურად სახელდებს ღმერთს, მას კი საკუთარი თავისთვის არაფერი დაურქმევია». მანამდე, სამასი წლით ადრე, მისი თანამემამულე წერდა: «კარგი წიგნის წაკითხვა ისევე რთულია, როგორც კარგი წიგნის დაწერა». ეს ადამიანი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე მეფისტოფელს ედავებოდა, ბოლოს და ბოლოს, მივიდა დასკვნამდე: «ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიქრობს, რომ თავისი ბედის შემოქმედია. მაგრამ ერთხელაც მიხვდება, რომ ბედი, რომელსაც ასე გულუბრყვილო პატივმოყვარეობით «ქმნიდა», თურმე ღმერთის მიერ მისთვის წინასწარგანსაზღვრული ყოფილაამდენი მრავალათასწლოვანი ზეპირსიტყვიერი და წერილობითი ძეგლების, ამდენი ბრძნული გამონათქვამისა და წერილობითი ჭეშმარიტების გაცნობის შემდეგ რამე რომ დაწერო, ალბათ, არამარტო ზნეობრივი და სულიერი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, არამედ ისტორიული გამბედაობაც. რატომღაც მგონია, ყველა წიგნი, რაც დაწერილა «ყველასთვის და არავისთვის», არის ღრმა სინანულით იმის აღიარება, რომ ადამიანმა საკუთარი თავისთვის გამოგონილ ბედთან, იდუმალებასთან მარცხი განიცადა.
როგორც იტყვიან, «წერა კარგია, აზროვნება კი _ უკეთესიო». ცნობილია, რომ ძველად ზეპირმეტყველებას, დიალოგს ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს იმით აიხსნება, რომ «როცა სიტყვა წარმოითქმება, იგი ფრთებს შეისხამს და სიცოცხლეს იწყებს, ხოლო როგორც კი დაწერ სიტყვას, მისი სული კვდება». ასეთი დამოკიდებულება მოვალეობაც არის, მომავლის წინაშე რომ აკისრიათ ბრძენკაცთ, რომლებიც სიტყვით ცხოვრობენ და იციან სიტყვის ფასი. ისტორიამ დაამტკიცა, რომ მათი სიფრთხილე არცთუ უსაფუძვლო ყოფილა. რამეთუ «პირველთაგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგიცხრამეტი საუკუნის შემდეგ გერმანელი მწერალი «ნამდვილ შემოქმედებას ყველაფერში ღმერთის ჩვენების უნარს» უწოდებდა, ხოლო მისი მაშრიყელი თანამედროვე ალბათ მიხვდა ამის შეუძლებლობას და თქვა: «ადამიანის ცხოვრება წიგნია, რომელსაც მრავალი გვერდი აკლია
ცნობილმა არგენტინელმა მთელი თავისი ცხოვრება ბიბლიოთეკაში გაატარა მანამ, სანამ წიგნების კითხვამ მხედველობა არ დააკარგვინა. მან კერპების ნუსხას კიდევ ერთი _ «წიგნის კერპი» დაუმატა. «რა არის სიტყვა? ან რა არის წიგნი, თუ მას არ გადაშლი? უბრალოდ ტყავისა და ქაღალდისაგან შემდგარი პარალელეპიპედი. როცა მას წაიკითხავ, ხდება სასწაული _ ყოველი წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქმებამე მგონია, რომ სინამდვილეში წიგნი კი არ იცვლება, თავად ჩვენ ვიცვლებით. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც იყვნენ ძველი ბრძენკაცნი წინააღმდეგნი, რომ წიგნში ყველაფერზე ეწერათ. ისინი თვლიდნენ, რომ «წიგნის ცოდნა მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც ეს ცოდნა თავის გამოყენებას სიტყვაში კი არ ჰპოულობს, არამედ _ საქმეში» და ამბობდნენ, რომ «გინდ უმეცარისათვის წიგნი მიგიცია, გინდა ბალღისათვის ცეცხლიო». ბავშვი, რომელსაც ხელში ცეცხლი უჭირავს, ან თავს დაიწვავს, ან მის გარშემომყოფებს გადაბუგავს. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ფერფლი იმ კაცისა, რომელიც ცეცხლს წაიკიდებს, თავს დაიწვავს, წიგნად გადაიქცევა, ხოლო ირგვლივ ყველაფრის ცეცხლით გადამბუგავი ადამიანები წიგნებს ფერფლად აქცევენ. თუ მთელ ცოდნას, ყველა წიგნს იმ დასკვნამდე არ მივყავართ, რომ «არცოდნა სიკეთეა», ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ისინი არასწორადაა წაკითხული, რამეთუ «ადამიანისათვის არცოდნაშია იმედი». შესაძლებელია, «ყველაზე საუკეთესო წიგნი ისაა, რომელიც ჯერ არ დაწერილა», რადგან «სიტყვა ვნებს დაფარულ აზრს. რაღაც აზრის გამოთქმის შემდეგ ხვდები, რომ მან სრულიად სხვა შინაარსი შეიძინა», ან, როგორც ნათქვამია, არ-რადის სურაში1, «ყოველ დრო-ჟამს თავისი წიგნი აქვს (ყველა საღვთო წიგნს ეპოქის, საჭიროებისა და მოთხოვნების შესაბამისად თავისი ზეგარდმოვლენის დრო აქვს). შლის ალაჰი იმას, რასაც ინებებს და ტოვებს იმას, რასაც ინებებს, და მის წინაშე კი არის დედაწიგნი».. შესაძლებელია, ჭეშმარიტი წიგნი _ არის თავად ის. თავად ის არის წიგნი. ადამიანების დაწერილი ყველა წიგნი _ იმ დიდი წიგნის ასოებია.
ერთმა პატარა ბიჭმა, რომელიც შემდგომში XX საუკუნის ხელოვნების ოსტატი გახდა, მამას ჰკითხა: «მამა, ღმერთი არსებობს?». მამამ უპასუხა: «მათთვის, რომლებსაც სწამთ, ის ყოველთვის არსებობს». რატომღაც მგონია, რომ წმინდა წიგნები მორწმუნეთათვისაა შექმნილი, ლექსი _ პოეტებისათვის, მუსიკა _ სულისათვის, ადამიანები _ ღმერთისათვის.
ამ ურთიერთგამომრიცხავმა აზრებმა ძველი აღმოსავლური თქმულება მომაგონა. «ბაბილონის მეფემ თავისი ქვეყნის ყველა ბრძენკაცი შეკრიბა და დაავალა ისეთი ლაბირინთი აეგოთ, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ იქნებოდა. ლაბირინთის აგებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეატყობინეს, რომ მეზობელი არაბთა ქვეყნის მმართველი აპირებდა მასთან სტუმრობას. მასპინძელი დიდი პატივისცემით შეხვდა სტუმარს და გადაწყვიტა, მისთვის ლაბირინთი ეჩვენებინა. სტუმარი ძვირფასად მორთულ-მოკაზმულ ლაბირინთში დატოვა და თავად სასახლეში დაბრუნდა. მეზობელი ქვეყნის მმართველმა რამდენიმე დღის შემდეგ ძლივს დააღწია თავი ლაბირინთს. სტუმარმა გამგზავრებისას მასპინძელს უთხრა: «შენ მიერ აგებული ლაბირინთი მშვენიერი რამ არის. მე მინდა, რომ პატივი დამდო და ჩემს ქვეყანას ეწვიო»... გადის დრო. არაბთა ქვეყნის მმართველი თავს დაესხა ბაბილონს, დაარბია და მოაოხრა მთელი ქვეყანა, მეფე კი ტყვედ წაიყვანა. ისინი სამი დღის განმავლობაში მიდიოდნენ უკიდეგანო უდაბნოში. არაბთა მმართველმა ტყვეს ხელები გაუხსნა და უთხრა: «მე შენი აგებული მდიდრული ლაბირინთიდან დიდი შემოქმედის წყალობით ვიპოვე გამოსასვლელი. ამიტომ მე შენ ახლა აქ, ღმერთის მიერ შექმნილ ლაბირინთში დაგტოვებო».
რატომღაც ყოველთვის, როდესაც ბიბლიოთეკაში მივდივარ, მეჩვენება, რომ ყველა ბიბლიოთეკა ღმერთის მიერ ბოძებული ყველაზე ნათელი ლაბირინთია, ერთადერთი ლაბირინთი, საიდანაც გამოსვლა არ მინდა
http://www.lib.ge/body_text.php?1122