Monday, May 9, 2011

ხელნაწერი წიგნი

ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას 16-საუკუნოვანი ისტორია აქვსმისი წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს- სარწმუნოებრივსა და
პოლიტიკურ ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას.
ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების ფაქტში (326 .) უნდა ვეძებოთ. მას შემდგომ ქართულმა კულტურამ, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში ვითარდებოდა, უარი თქვა მისთვის უკვე კარგად ცნობილი ანბანური სისტემების გამოყენებაზე და თავად შექმნა საკუთარი ანბანური დამწერლობა. ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნული ანბანი ივარაუდება. პირველი წერილობითი ძეგლებიეპიგრაფიკული წარწერები თუ ხელნაწერი ფურცლები V-VI სს-ებით თარიღდება. ძველი წიგნების ეს ფრაგმენტები შენარჩუნებულია პალიმფსეტური ფურცლების ქვედა ფენაზე.
ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების მიზნით, მან იმთავითვე, ანუ V -დან, მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებისკენ და შემდგომაც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა თანადროულ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია-პალესტინას) და კონსტანტონეპოლთან მჭიდრო კულტურული კავშირების გზით. შესაბამისად, ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის იმგვარი ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი ტექსტები - ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ლათინური, სომხური თუ სლავური - დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა და ბიზანტიის წერილობითი კულტურების გამოცდილება, სრულად შეითვისა როგორც წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ასევე მისი მხატვრული გაფორმების და საწარმოო პროცესების შესახებ შუასაუკუნეებში არსებული ცოდნა.
საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ განაპირობა წიგნის გადაწერისა და შექმნის საქმეში მაღალი ფეოდალური წრის ფინანსური ჩართვა. წიგნი იქცა სახელმწიფოებრივი და კულტურული სტატუსის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რამაც ხელი შეუწყო ფორმითა და დანიშნულებით განსხვავებული ხელნაწერების არსებობას, კერძოდ, ყოველდღიური მოხმარების სამონასტრო წიგნების პარალელურად ჩამოყალიბდა მცირე ფორმის სადა საბერმონაზვნო, მდიდრულად შემკული, საგანგებოდ აკინძული "საზეიმო" და პირადი კუთვნილების წიგნები.
შუა საუკენეების ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, პოლიტიკური ცხოვრების შესაბამისად, ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აზროვნების შემეცნებისაკენ, არამედ მისთვის ცნობილი და უახლოესი მეზობელი (ისლამური სპარსულ-არაბული) წერილობითი კულტურების გაცნობისკენაც.
გვიან შუა საუკუნეებში ქართულმა სამწიგნობრო ტრადიციამ ყურადღება ევროპული ტენდენციებისა და გამოცდილებისაკენ მიმართა. ევროპულ კულტურასთან კავშირმა ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის გრავირებისა და ბეჭდვითი საქმის განვითარებას.
დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. იგი 50 წელზე მეტი ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევისა და დაცვა-აღრიცხვის საქმეს.

No comments:

Post a Comment